ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კვლავ ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 5 ივლისს ღირსების მარში არ უნდა ჩატარდეს, რადგან "მოსახლეობისთვის სოდომური ცოდვის პროპაგანდა მიუღებელია".
"არცერთი პარტია და არცერთი ორგანიზაცია ჩემთვის არ არის საინტერესო, თვითონ ეს მოვლენაა საინტერესო, რომ ადამიანები გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას სოდომური ცოდვის პროპაგანდის მიმართ... ხანდახან ნამახვანჰესზეც მეკითხებოდით და მე ვთქვი, რომ საჭიროა, მოსახლეობის პოზიცია იყოს გათვალისწინებული. აქაც იგივე პოზიცია მაქვს მე, რომ სოდომური ცოდვა მიუღებელია მოსახლეობისთვის, აქედან გამომდინარე ყველამ უნდა გაითვალისწინოს", - თქვა მიტროპოლიტმა.
სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ათასობით ადამიანმა ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი ძალადობრივად დაარბია.
მან 2013 წლის 17 მაისზეც ისაუბრა, როდესაც სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ათასობით ადამიანმა ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი ძალადობრივად დაარბიეს. კადრებზე, სადაც ჩანს, როგორ მისდევს სასულიერო პირი "ტაბურეტკით" აქტივისტებს, მეუფე სტეფანემ ასეთი განმარტება გააკეთა:
"ის კაცი მოხუცი ადამიანია თუ დააკვირდით და ჩამოსაჯდომად წამოიღო ტაბურეტკა. ვერ გაუძლებდა დიდხანს ფეხზე დგომას. როდესაც ეს რაღაც ესეთი მოძრაობა წავიდა, იმ ტაბურეტკას ხომ არ დააგდებდა იქ? წაიყოლა თან. გადაიღეს და ეს ისეთი კონტექსტით აჩვენეს, თითქოს ის ამ ტაბურეტკას ვინმეს თავში ურტყამდა. თუ მაჩვენებთ კადრებს, რომ ვინმეს ეს ტაბურეტკა თავში ჩაარტყა, მერე ვილაპარაკოთ", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
კითხვაზე - გამორიცხავს თუ არა, რომ 5 ივლისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს, მან აღნიშნა, რომ შეიძლება, დაპირისპირება "სოდომისტებსა და სოდომისტებს შორის იყოს".
"ფიზიკური დაპირისპირება შეიძლება მოხდეს სოდომისტებსა და სოდომისტებს შორის. ორი მხარე შეიძლება შექმნან სპეციალურად, ვითომ ესენი არიან ვინც მოწინააღმდეგეები არიან და შეიძლება ასეთი პროვოკაცია გააკეთონ. მაგას მე როგორ გამოვრიცხავ", - თქვა მიტროპოლიტმა.
"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.
ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას.
"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:
- უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
- შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
- უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
- დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.
- თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.
15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".
მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".